17-22 თებერვალს მაია თვალთვაძემ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა Sergey Tahman, Иванна Васильченко და Gul Sara გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც პირველი ულტრარეალისტური სილიკონის ბავშვის შესახებ არის საუბარი. ვიდეოს მიხედვით, ის ტირის, როდესაც შია, ეძინება, მოფერება უნდა, პამპერსი აქვს გამოსაცვლელი ან თავს არაკომფორტულად გრძნობს. თვალთვაძის ინფორმაციით, ვიდეო ხელოვნურ ბავშვს ასახავს, რომელიც მეცნიერების მიერ შექმნილი რობოტი და ნამდვილი ბავშვის სრული სიმულაციაა.
ვიდეო იგივე მტკიცებით რუსულენოვან ანგარიშზე 2023 წლის თებერვალშიც ვრცელდებოდა.
ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, კადრებში არა რობოტს ან “ხელოვნურ ბავშვს”, არამედ სილიკონის სათამაშოს ვხედავთ, რომელიც არა მეცნიერების, არამედ ესპანური კომპანია Babyclon-ის დამფუძნებლის, ჰიპერრეალისტი მოქანდაკის მიერ არის შექმნილი.
სათამაშო, რომელსაც კადრებში ვხედავთ, ესპანური კომპანია Babyclon-ის მიერ არის შექმნილი. კომპანია ჰიპერრეალისტმა მოქანდაკემ, კრისტინა იგლესიასმა შექმნა. რეალურად, Babyclon-ი ამზადებს ვიზუალურად ნამდვილთან მაქსიმალურად მიახლოებულ თოჯინებს, თუმცა ისინი რობოტები (კომპიუტერის მიერ კონტროლირებადი მანქანა, რომელიც სამუშაოების ავტომატურად შესრულებისთვის გამოიყენება) არ არიან, როგორც ამას ფეისბუქ-მომხმარებლები ამტკიცებენ. Babyclon-ის ვებ-საიტის მიხედვით, კომპანია ცნობილია ავატარი ჩვილებისა და ანიმატრონული სათამაშოების შექმნით, რომელიც განმარტებულია, როგორც “რობოტული მოძრავი ჩვილები”. ვიდეო, რომელიც მაია თვალავაძეს აქვს გამოქვეყნებული, babyclon-ის ოფიციალურ Youtube-გვერდზე იძებნება. სათამაშოს ახალ მოდელებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, რამდენიმე ახალი ფუნქცია აქვთ დამატებული – მაგალითად, ტირილს წყვეტენ მაშინ, როდესაც საწოვარას მისცემ ან დაარწევ. კომპანიის Youtube-გვერდზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მუშაობს თოჯინა.

ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, სათამაშოს დამზადებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის ქირურგიული სილიკონი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის ქსოვილს სიხისტის, ელასტიურობისა და წონის თვალსაზრისით.
როგორც კრისტინა იგლესიასი Euronews-თან ინტერვიუში ყვება, თოჯინების შექმნის არცერთი ეტაპი ქარხანაში არ მიმდინარეობს, ისინი სრულად ხელით არის შექმნილი და აწყობილი. ინტერვიუში დამფუძნებელმა სრულად აღწერა სათამაშოს დამზადების პროცესი – პირველ რიგში, მცირე დეტალების სიზუსტით ქმნიან სილიკონის თოჯინის სკულპტურას, შემდეგ კი იქმნება ყალიბი, რომელსაც სილიკონით ავსებენ. ყალიბიდან ამოღების შემდეგ სათამაშო კორექტირების ეტაპს გადის – სხვადასხვა ნაწილებს აერთებენ ისე, რომ ფორმა მაქსიმალურად რეალური იყოს და გადაბმის წერტილები ბუნებრივად გამოიყურებოდეს. კორექტირების შემდეგ, Babyclon-ის თოჯინაზე მხატვრები მუშაობენ, ისინი კაპილარების, ვენებისა და სხვა დეტალების დატანით ცდილობენ, სათამაშო რეალურ ჩვილს დაამსგავსონ. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მას თმა უმაგრდება და საბოლოო ფორმა ეძლევა.
“ყოველწლიურად ვგრძნობ საჭიროებას, რომ რაიმე ახალი, დამატებითი დავნერგო ჩემს ქმნილებებში. პირველ წელს მათ მოშარდვა შეუძლიათ, მეორე წელს სუნთქვა და ასე შემდეგ, ყოველ წელს რაღაც ახალი მაფიქრდება”. – ამბობს დამფუძნებელი. მისივე სიტყვებით, მათი მომხმარებლების დიდი ნაწილი კოლექციონერია, თუმცა, ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც სათამაშოების დამზადება პედიატრიის სტუდენტებისთვისაც სთხოვეს.

ჩვილს მიმსგავსებული სათამაშოს გარდა, Babyclon-ი ასევე ქმნის ავატარის, უცხოპლანეტელის, ძაღლის, მაიმუნისა და ელფის სათამაშოებს. კომპანიის მიერ შექმნილ სათამაშოსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითად, Agence France-Presse-მა 2019 წელს გადაამოწმა ავატარის სათამაშოს შესახებ გავრცელებული ყალბი მტკიცება, თითქოს ისინი ადამიანის ძაღლთან ურთიერთობის შემდეგ გაჩენილი ტყუპები იყვნენ.

წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუქ-მომხმარებელი Oleg Dor ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მისი პოსტების ნაწილი უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციაც არის მონიშნული.
ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს Sergey Tohman-იც. რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.
ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე გავრცელებული აქვს Иванна Васильченко-ს.
ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ყალბ ინფორმაციად აქვთ მონიშული Gul Sara-ს პოსტებიც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.