25-26 სექტემბერს რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1;2;3;4;5) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას შეხვედრის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს აღწერით: “ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა და ჩაეხუტა სირიის ტერორისტული დაჯგუფება “ალ-კაიდას“ ყოფილ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას”. პოსტებს ერთვის კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც მამაკაცს ხელში სავარაუდოდ ადამიანის მოკვეთილი თავები უჭირავს. ერთ-ერთ პოსტს ახლავს აღწერა “დაბანეს, პიჯაკი ჩააცვეს, საპარიკმახეროში წაიყვანეს და დემოკრატია მზადაა”.

გავრცელებულ ფოტოზე აჰმედ ალ-შარა არ არის ასახული. კაცი, რომელსაც ფოტოზე მოკვეთილი თავები უჭირავს, არა სირიის პრეზიდენტი, არამედ წარმოშობით ავსტრალიელი ტერორისტი მუჰამად ელომარია.
ფოტო, რომელზეც კაცს ხელში ადამიანების მოკვეთილი თავები უჭირავს, 2014 წლით თარიღდება და მასზე არა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა, არამედ წარმოშობით ავსტრალიელი ტერორისტი მუჰამად ელომარია გამოსახული. 2013 წელს ელომარი სირიაში ჩავიდა და “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა. ტვიტში, რომელიც აღნიშნულ ფოტოს შეიცავდა, ელომარი ათასი დოლარის ჯილდოს სანაცვლოდ ავსტრალიელი ექიმის ჯამალ რიფის ადგილსამყოფელზე ინფორმაციას ითხოვდა. ელომარი 2015 წელს ერაყში დრონის თავდასხმით მოკლეს.
გავრცელებულ პოსტებში ალმად ალ-შარას ალ-კაიდასთან კავშირზეცაა საუბარი. ალ-შარა ალ-კაიდას 2003 წელს, აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ შეუერთდა (მისი ფსევდონიმი აბუ მუჰამად ალ-ჯულანი იყო). 2005 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დაიჭირეს და რამდენიმე წელი სხვადასხვა დაკავების ადგილას გაატარა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო, ალ-შარა გაათავისუფლეს. 2012 წელს ალ-შარამ ალ-კაიდასთან დაკავშირებული ორგანიზაცია ჯაბჰათ ალ-ნუსრა შექმნა. ალ-კაიდასა და ისლამური სახელმწიფოს ლიდერებთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ 2016 წელს ალ-შარამ ახალი ორგანიზაცია ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამი შექმნა. ორგანიზაცია აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, საიდანაც 2024 წელს ამოიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი და აჰმედ ალ-შარა ერთმანეთს 25 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვდნენ, სადაც ლიდერები გაეროს გენერალულ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად აღდგა.
შესაბამისად, ფეისბუქ პოსტები ავსტრალიელი ტერორისტის ფოტოს შეიცავს, რომელსაც ალ-შარასთან კავშირი არ აქვს. გავრცელებული ცნობების პირველწყარო ტელეგრამ არხი РОССИЯ 2.0-ა. არხზე იდენტური შინაარსის პოსტი ფოტოსთან და ვიდეოსთან ერთად 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















