20 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. ამავე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აღიარა. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები “თავისუფალი და კონკურენტული” იყო.
ეუთო/ოდირის ანგარიშში არჩევნები „კონკურენტულად“ შეფასდა მხოლოდ იმ გაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყო მრავალპარტიულობა, თუმცა დასკვნამ ყურადღება გაამახვილა ისეთ სერიოზულ ხარვეზებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინება და მედიასივრცის პოლარიზაცია, რაც რეალურ კონკურენციას მნიშვნელოვნად ასუსტებს. გარდა ამისა, დასკვნაში გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც, მათ შორის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო სიების ხარვეზები, რაც, ეუთო/ოდირის შეფასებით, აზიანებდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ეჭვქვეშ აყენებდა არჩევნების სამართლიანობას.
რაც შეეხება არჩევნების აღიარებას, ეუთო/ოდირის მანდატი საარჩევნო პროცესის შეფასებაა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და არა მათი ლეგიტიმურობის განსაზღვრა.
20 დეკემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ეუთო/ოდირის დასკვნაში მართლაც ვხვდებით ტერმინს “კონკურენტული არჩევნები”, რაც ნიშნავს, რომ ძირითად საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ რომ ძირითადი უფლებები (გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის უფლება) „ფართო მასშტაბით იყო დაცული“, რაც ქმნიდა კონკურენტული გარემოს ფუნდამენტს, თუმცა ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს არსებით ხარვეზებს, რომლებიც რეალურად კონკურენტულ გარემოს ასუსტებს:
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება: დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქტიურად იყვნენ ჩართულები მმართველი პარტიის კამპანიაში. ეს მათ ანიჭებდა უპირატესობას ოპოზიციასთან შედარებით, რამდენადაც ისინი იყენებდნენ სახელმწიფო და ადგილობრივ რესურსებს, რაც სახვადასხვა ტიპის ღონისძიებების სახით ვლინდებოდა. გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ საარჩევნოდ გამოიყენა სოციალური დახმარებები და ფინანსური სტიმულები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ამ ნაბიჯების სისწორეს. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამნისტიის პროგრამაც მთავრობისთვის უსამართლო უპირატესობის მინიჭების საშუალებად იქცა, რაც ქმნიდა ეჭვს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იყენებდა, რითაც არღვევდა თავისი ნეიტრალიტეტის ვალდებულებას.
დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები: ანგარიშში დაფიქსირებულია შემთხვევები, სადაც ამომრჩევლებზე, ადგილობრივ აქტივისტებზე ან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე ხდებოდა ფიზიკური ან მორალური ზეწოლა. ასევე არსებობს საჯარო სექტორის თანამშრომლებზე და ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე იძულების, დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობები. შესაბამისად, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ თავისუფლად და შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა. დაძაბული გარემო იყო შექმნილი თავად არჩევნების დღესაც, რომელიც ასევე ხასიათდებოდა დამკვირვებლების დაშინებისა და ხელის სეშლის ტენდენციით.
მედიის პოლარიზაცია და არათანაბარი გაშუქება: ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა ამომრჩეველს, მიეღო მრავალფეროვანი და მრავამხრივი ინფორმაცია. 20 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა. ამის გარდა, დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ამ მედიამ ყველაზე დიდი დრო დაუთმო მმართველი პარტიის კამპანიის გაშუქებას, რაც ბევრად აღემატებოდა სხვა პარტიების გაშუქებას. მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა სრულყოფილად არ ასახავდა მრავალფეროვან პოლიტიკურ და სოგადოებრივ პერსპექტივებს, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საინფორმაციო გარემოს შექმნას.
ფინანსური უთანასწორობა: დასკვნაში ფინანსური უთანასწორობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და კონკურენციას სერიოზულ ზიანს აყენებდა. მმართველი პარტია სარგებლობდა როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე კერძო დონაციებით, რაც მას აშკარა უპირატესობას აძლევდა და საარჩევნო გარემოს არასამართლიანად აყალიბებდა.
საკანონმდებლო ცვლილებები: მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩო საშუალებას აძლევდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მისი ხშირი ცვლილებები, განსაკუთრებით არჩევნების წინ, არღვევდა კანონმდებლობის სტაბილურობას. არჩევნებამდე მცირე დროით ადრე, პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე შეიტანა. ეს ნაბიჯი სამართლებრივი სტაბილურობის დარღვევად შეფასდა და შეშფოთება გამოიწვია, რომ აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
ცესკოს თავმჯდომარის მიკერძოებულობა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დაარღვია ცესკოს მიუკერძოებლობა. ცვლილებებმა მმართველ პარტიას მის წევრებსა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კონტროლი მისცა, რაც ეჭვქვეშ დააყენა კომისიის დამოუკიდებლობა და ნდობა. ცვლილებებმა ასევე შეამცირა პოლიტიკური კონსენსუსი და შექმნა აღქმა, რომ ცესკო უფრო მეტად მმართველი პარტიის ინტერესებს ასახავდა. ამან დააკნინა მისი მუშაობის ლეგიტიმურობა და საარჩევნო პროცესის ნდობა. ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკოს დამოუკიდებლობა აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
ხარვეზები საარჩევნო სიებში: დოკუმენტში აღინიშნება მრავალი ხარვეზი, მათ შორის ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტის დარღვევა, ერთ მისამართზე მრავალი ამომრჩევლის რეგისტრაცია, ძველი და არასწორი მონაცემების არსებობა, სიებზე შეზღუდული წვდომა და მათი დროულად განახლების სირთულეები. ეს ხარვეზები სერიოზულად აზიანებდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას, რაც ეჭვქვეშ აყენებდა არჩევნების სამართლიანობას და სრულყოფილებას.
ხმის მიცემის სირთულეები და ფარულობის დარღვევა: დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას, რამაც გამოიწვია ხმის ფარულობის დარღვევის უფრო ხშირი შემთხვევები. არსებობდა ასევე მოწყობილობების გამოყენების სირთულეები, ამომრჩევლებმა ვერ მიიღეს სათანადო ინსტრუქტაჟი, რაც მათ არასწორი მოხმარების და პროცედურული შეცდომებისკენ უბიძგებდა. არჩევნების პროცესში ასევე დაფიქსირდა, რომ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არ იყო სათანადოდ შემუშავებული და დასწავლილი უმრავლესობისთვის.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა. მაგალითად, არასწორი პროცედურები, როგორიცაა საარჩევნო ბიულეტენების ყუთში ჩადების მეთოდები, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რამაც ხმის ფარულობის დარღვევა გამოიწვია. გარდა ამისა, რიგი საარჩევნო უბნების განლაგება არ იყო ადეკვატური, რაც ხმის მიცემის პროცესში პირადი არჩევანის ფარულობის დარღვევას უქმნიდა რისკებს. ზოგიერთ უბანზე, დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრების გამოჩენამ გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ეუთო/ოდირის დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა. ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, ახორციელებდნენ ვიდეო გადაღებას ხმის მიცემის პროცესში, რაც დისკომფორტს უქმნიდა ამომრჩევლებს და ზღუდავდა მათ თავისუფალ არჩევანს.
საარჩევნო დავების დაუკმაყოფილებლობა: დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ პოსტსარჩევნო დავების განხილვამ ვერ უზრუნველყო გასაჩივრების პროცესის ეფექტიანობა, რაც უფლებათა დაცვის მექანიზმებს ასუსტებდა და ვერ პასუხობდა არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებებს. ასევე, საარჩევნო პროცესში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების მიმართ, განსაკუთრებით პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების მიუკერძოებლად და ეფექტურად განხილვის კუთხით.
შედეგად, მტკიცება, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული“, ფორმალურად ემთხვევა ეუთო/ოდირის ტექსტში ნახსენებ ტერმინს; თუმცა, ბევრი დარღვევა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინების ფაქტები, მედიის მიკერძოებული გაშუქება, არასრულყოფილი სიები, საკანონმდებლო ცვლილებები კონკურენტულობის ხარისხს ამცირებს.
ეუთო/ოდირის რეკომენდაციები
ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ სერიოზული ეჭვები არსებობს და რამდენიმე კრიტიკული საკითხი მოითხოვს სასწრაფო ყურადღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია მოცემული, ითვალისწინებს:
- ამომრჩევლის დაშინებისა და ზეწოლის, საჯარო მოხელეების მიერ პოლიტიკური გავლენის, ხმების ყიდვისა და საარჩევნო ძალადობის შეწყვეტას;
- საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვას, რათა ის საერთაშორისო სტანდარტებთან იყოს თანხვედრაში;
- საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნის პროცედურის გადახედვას, რათა ერთმა პარტიამ არ მიიღოს გადამწყვეტი უპირატესობა;
- საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგის მექანიზმების შექმნა, რაც უზრუნველყოფს მედია მონიტორინგის დამოუკიდებლობას;
- საარჩევნო დავების გამჭვირვალედ და ეფექტურად განხილვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი დაცვა;
- დამკვირვებლების მუშაობის პირობების გაუმჯობესებას, რომ ისინი არ განიცდიდნენ ზეწოლას და დაშინებას;
- ხმის ფარულობის დაცვას.
დასკვნებში ასევე ხაზგასმულია უახლესი კანონმდებლობის გავლენა, რომელიც ნეგატიურად აისახა ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებაზე. საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა შემცირდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას. არჩევნების შემდეგ ასევე დაფიქსირდა საჩივრების არასათანადოდ განხილვა, საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს.
ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, ზეწოლა და დაშინება, რომელიც არჩევნების პროცესში და მას შემდეგ მოხდა, სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე და მთლიანად საარჩევნო სისტემის გამჭვირვალობაზე.
- აღიარა თუ არა ეუთომ არჩევნები?
ეუთო/ოდირის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მისი დამტკიცება. მისი ფუნქციაა დაკვირვება და შეფასება, რამდენად შეესაბამება პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს, მაგალითად, უზრუნველყოფილია თუ არა ძირითადი თავისუფლებები, არსებობს თუ არა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პარტიებს თანაბარ პირობებში აყენებს, რამდენად გამჭვირვალეა ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, როგორია მედიაგარემო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
ეუთო/ოდირის დასკვნებს ხშირად ახლავს ტერმინები: „ყოველთვის არ იყო დაცული თანაბარი პირობები…“, „არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზები…“, „ვხედავთ დადებით პროგრესს…“. თუმცა, „აღიარება“ როგორც პოლიტიკური აქტი არ შედის სადამკვირვებლო ორგანიზაციის პირდაპირ კომპეტენციაში.
ევროპის საბჭოს ან ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები ამგვარადვე ასკვნიან, რომ „არჩევნები ძირითადად პასუხობდა სტანდარტებს“, „გაითვალისწინეს რამდენიმე რეკომენდაცია“ და ა.შ. მაგრამ განცხადება „ვაღიარებთ, რომ არჩევნები ლეგიტიმურია“ ჩვეულებრივ, არ კეთდება.