25 აპრილს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, იმ ადამიანების ფოტოებს შეიცავს, ვისი გარდაცვალების მიზეზიც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ფოტოები “ტელეგრამის” ჯგუფში “კოვიდ ვაქცინაციით გარდაცვლილი ქართველები” გამოქვეყნდა. “კოვიდ ვაქცინით გარდაცვლილი ქართველები, ამათზე კოვიდფაშიტები როდის აგებენ პასუხს?” – წერია ვიდეოს აღწერაში.
დეზინფორმაციაა, თითქოს ვიდეოზე ნაჩვენები ყველა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი Covid 19-ის ვაქცინა გახდა. “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებში გადაამოწმა ვიდეოში მოხვედრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი და დაადგინა, რომ ზოგიერთი უბედური შემთხვევების, მაგალითად სტიქიის ან ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ასევე ნაწილი წლების წინ განვითარებული მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. გარდა ამისა, ვიდეოში ნაჩვენები ზოგიერთი პირი მოკლულია და მათი გარდაცვალება ვაქცინებს ან დაავადებებს არ უკავშირდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან არაერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა შესაძლებელი. მათი გარდაცვალების შესახებ დაიწერა მედიაში ან ინფორმაცია ახლობლებმა გაავრცელეს. ვიდეოში მოხვდა რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი: მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მსახიობები.
ფოტოები გამოქვეყნებულია “ტელეგრამ” ჯგუფში – “კოვიდ ვაქცინაციით გარდაცვლილი ქართველები.” ამავე ჯგუფიდან ადამიანების ფოტოები მტკიცებით, რომ ისინი ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალნენ, წარსულშიც გავრცელდა. “მითების დეტექტორი” მაშინაც დაინტერესდა ადამიანების გარდაცვალების მიზეზებით და აღმოაჩინა, რომ არაერთი მათგანის გარდაცვალება მანიპულაციურად დაუკავშირეს ვაქცინებს. რამდენიმე იმავე ადამიანის ფოტო ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოშიც მოხვდა.
ვიდეოში გამოყენებულია რამდენიმე ჟურნალისტის ფოტო, ესენი არიან “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი, ლოლა ტუმასიანი, ქეთი ბერძენიშვილი და “პირველი არხის” ჟურნალისტი, მარიცა კვანტალიანი. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს ჯანმრთელობის ონკოლოგიური პრობლემა ჰქონდა და მათი გარდაცვალებაც ამ მიზეზს უკავშირდება. ჟურნალისტ ლოლა ტუმასიანის მკურნალობისთვის ადამიანები თანხასაც აგროვებდნენ, საბოლოოდ კი 2025 წლის დასაწყისში რამდენიმე-წლიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც ის დაავადების სამკურნალოდ იყო წასული. აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახის წევრები ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზების შესწავლას ითხოვდნენ, ხოლო ადვოკატებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი არა სიმსივნე, არამედ ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდგომ გამოწვეული სეფსისი გახდა. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, მარიცა კვანტალიანს, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა სიმსივნე, რომელის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ამავე ვიდეოში მოხვდა მწერალი ზურაბ ქარუმიძე და პოეტი ზურაბ რთველიაშვილი. ორივე მათგანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ქარუმიძე 2023 წელს, რთველიაშვილი კი 2021 წელს, ის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

ვიდეოში გამოყენებული ფოტოებიდან, რამდენიმე ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაიღუპა და აღნიშნული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში გავრცელდა. მათ შორისაა ლუკა ფანჩულიძე, საბა ჭეიშვილი და მარიამ გვიდანი. ლუკა ფანჩულიძის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. სპორტულმა მედია “ლელომ” მორაგბე საბა ჭეიშვილის შესახებ დაწერა, რომ ის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ავტოავარიაში მოყვა. კიდევ ერთი, ვის გარდაცვალებასაც Covid 19-ის ვაქცინას უკავშირებენ, 15 წლის მოდელი, მარიშა გვიდანია. ის Geomodels Agency-ის მოდელი იყო და გვიდანის გარდაცვალების მიზეზად სააგენტომ ავტოსაგზაო შემთხვევა დაასახელა.

ვიდეოში ნაჩვენები რამდენიმე ადამიანი მოკულულია. მაგალითად, გიორგი მირზაშვილის გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება. ის 2023 წლის 18 იანვარს მოკლეს. ასევე, 2025 წლის დასაწყისში თბილისში მოკლული ნახეს ლევან ჯანგულაშვილიც, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოხვდა.

ვიდეოში გამოყენებულია გიორგი ტუხაშვილის ფოტოც. ის ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი იყო და 2024 წელს ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე სრიალისას დაიღუპა. Covid 19-ის ვაქცინასთან ასევე არ აქვს კავშირი “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას გარდაცვალებასთან. ის 2023 წელს მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ამავე ვიდეოთი გავრცელდა დავით ბერიაშვილი ფოტოც. 2023 წელს შოვში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ათეულობით ადამიანი და მათ შორის იყო დავით ბერიაშვილიც. ასევე სხვა მიზეზით გარდაიცვალა მსახიობი და მომღერალი ზვიად აბაშიძე. მისი გარდაცვალების შესახებ 2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც, ის რუსეთში დაიღუპა. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს, დაჭრილებს ეხმარებოდა, რა დროსაც გარდაიცვალა. არც გია ხარჩილავას, წალენჯიხის ყოფილი მერის, გარდაცვალებაა ვაქცინებთან დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. რაც შეეხება ტრანსგენდერ ქალ ლიზა ქისტაურს, ის ბელგიაში გარდაიცვალა და არ არსებობს ინფორმაცია, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

ფოტოებს შორის მოხვდა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია. ის 2 წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამდენად, მცდარია ინფორმაცია, რომ გავრცელებულ ვიდეოზე ასახული ადამიანების გარდაცვალება Covid 19-ის ვაქცინამ გამოიწვია. მათი ვინაობისა და გარდაცვალების მიზეზის გადამოწმებით დგინდება, რომ არაერთი მათგანი სხვა ვითარებაშია გარდაცვლილი.
წყაროს შესახებ:
ანგარიში, რომელიც ასობით ადამიანის გარდაცვალებას Covid 19-ის ვაქცინას მიაწერს, სოციალურ ქსელში პრორუსული პარტია “ალტ ინფოს” მხარდამჭერი პოსტებით გამოირჩევა. “მითების დეტექტორმა” წარსულში Mamuka Qaijvareli-jincharadze-ის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი გადაამოწმა და ყალბ ინფორმაციად შეაფასა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.