16-17 ივლისს მედიასაშუალებებმა (ბანკები და ფინანსები; ექსკლუზივ ნიუსი; Sputnik Georgia; რეზონანსნიუსი; საზოგადოებრივი მაუწყებელი; მედიაჰოლდინგი “კვირა“; ქართული აზრი; The Georgian Times; რეპორტიორი; ბიზნესპარტნიორი) გამოაქვეყნეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადება, რომელშიც ის სიღარიბის დონესა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო მედიის უმეტესობის სტატიების ტექსტი და სათაური იდენტურია.
ვახტანგ ცინცაძე: “ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობისა და სხვა სექტორებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა”.
მედია მასალას თან ურთავს ცინცაძის განცხადების პერიფრაზს, რომლის მიხედვითაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა და 9.4%-ს გაუტოლდა, შესაბამისად, ამ პერიოდში სიღარიბეს თავი 445 000-მა ადამიანმა დააღწია.


მინისტრის მიერ მოყვანილი მაჩვენებელი აბსოლუტურ სიღარიბეს ეხება. შესაბამისად, მოქალაქეების მის მიერ დასახელებულმა რაოდენობამ თავი უკიდურეს სიღარიბეს დააღწია. სიღარიბის დონის შემცირების მიზეზად მხოლოდ ეკონოიკური ზრდის განხილვა მანიპულაციურია და რეალურ სურათს არ აჩვენებს. სიღარიბის დონის კლებაზე გავლენა, შესაძლოა, სხვა არაერთ ფაქტორს ჰქონდეს – მაგალითად, სოციალური დახმარებების რაოდენობის რეკორდულ ზრდას, ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას და ა.შ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადება ბოლო 4 წლის განმავლობაში აბსოლუტური სიღარიბის კლების სტატისტიკაზე მართებულია, თუმცა აღნიშნული ფაქტის ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებას ეკონომისტები მანიპულაციად აფასებენ. სიღარიბის დონის კლების სტატისტიკის განხილვისას მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სხვა მაჩვენებლებიც გავითვალისწინოთ – უპირველესად, სოციალური შემწეობის მიმღებთა და მომთხოვნთა რაოდენობის რეკორდული ზრდა. სიღარიბეზე საუბრისას ასევე უნდა განვიხილოთ ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობის მატება და ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულობა.
- როგორ ითვლის საქსტატი სიღარიბეს?
ბოლო წლებში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც, სტატისტიკის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწიეს, იზრდება, თუმცა, პარალელურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც. სავარაუდოა, რომ მათ შორის, ვინც პოლო პერიოდში, მინისტრის მოადგილის შეფასებით, სიღარიბე დაამარცხა, ბევრია ისეთი, რომელმაც ეს სოციალური შემწეობის მიღებით შეძლო. ორივე მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია ეკონომისტებს აფიქრებინებს, რომ ბიუჯეტიდან სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი თანხა გრძელვადიან პერსპექტივაში მათ კვლავ მოწყვლადს ტოვებს.
საქსტატი სიღარიბის სტატისტიკას შინამეურნეობების გამოკვლევით ითვლის. გამოკლევა ქვეყნის მასშტაბით ყოველკვარტლურად ტარდება და მასში, დაახლოებით, 4 300 შინამეურნეობა მონაწილეობს. საქსტატი აგროვებს მონაცემებს შემოსავლების, ხარჯებისა და შინამეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ.
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წარმოადგენს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ წილს მთლიან მოსახლეობაში. მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოსახლეობად განიხილება იმ შინამეურნეობებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა ერთ ექვივალენტურ მოზრდილზე გაანგარიშებული სამომხმარებლო ხარჯი ნაკლებია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარზე. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გაანგარიშებისას საქსტატი ითვალისწინებს როგორც ფულად, ისე არაფულად სამომხმარებლო ხარჯებს.
რაც შეეხება სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს, მისი სასურსათო მდგენელის განსასაზღვრად, საქსტატი ითვლის ერთი მოხმარებული კილოკალორიის ფასს, რომელიც წარმოადგენს მოხმარებული სასურსათო პროდუქტების ჯამური ფულადი ღირებულების და ენერგეტიკული ღირებულების თანაფარდობას. სასურსათო მდგენელის მისაღებად ერთი კილოკალორიის მედიანური ფასი მრავლდება ექვივალენტური მოზრდილის ენერგეტიკული ღირებულების დღიურ ნორმაზე.
- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბოლო 4 წლიან პერიოდზე საუბრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) მაჩვენებლები 2024 წლის ჩათვლით აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, შეგვიძლია, 2021-2024 წლების მონაცემები განვიხილოთ.
2020 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 21.3% იყო. აღნიშნული თითქმის 2 პროცენტული პუნქტით მეტია 2019 წლის, პანდემიამდელ რაოდენობაზე. 2021 წელს მაჩვენებელი 17.5% იყო, 2022-ში – 15.6%; 2023-ში – 11.8%, ხოლო 2024-ში – 9.4%.

სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი განსხვავებულია ქალაქსა და სოფელში. 2007 წლის შემდეგ, სოფელში სიღარიბის ამსოლუტური მაჩვენებელი ქალაქის მაჩვენებელს ყოველწლიურად აღემატება. მაგალითად, 2024 წელს სოფლის მაჩვენებელი 11.9% იყო, ხოლო ქალაქის – 7.8%.

სიღარიბის დონეზე საუბრისას ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელიც უნდა განვიხილოთ. ფარდობითი სიღარიბე სოციალურ მოწყვლადობასა და შემოსავლების უთანასწორობას ასახავს და წარმოადგენს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. 2024 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 18.9%-ია. 2021 წელსაც მაჩვენებელი იგივე იყო.

ხაზგასასმელია, რომ სასოფლო დასახლებებში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 25%-ია. 2023-ში მაჩვენებელი 26.8% იყო, 2022-ში – 26.6%, ხოლო 2021-ში – 24.7%.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც სიღარიბეზე საუბრისას განიხილება, ჯინის კოეფიციენტია. ინდექსი ფართოდ გამოიყენება სტატისტიკაში სოციალური უთანასწორობის, კერძოდ, მოსახლეობის შემოსავლების და ხარჯების უთანაბრობის საზომად. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე იზომება – რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა. საქსტატის განმარტებით, თუ ყველას მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0-თან ახლოს, ხოლო როდესაც მოსახლეობაში ბევრია დაბალი შემოსავლის მქონე და ცოტაა ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მიუახლოვდება 1-ს.
2023-2024 წლებში ჯინის კოეფიციენტი საქართველოში არ შეცვლილა და 0.36-ია. 2021-2022 წლებში კი 0.34 იყო.

- სოციალური დახმარების რეკორდული ზრდა
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის კლების ფონზე, საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებლებსაც მიაღწია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, სოციალური შეწეობის მიმღებთა ოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა – 460 603 პირი საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 229 893 პირია ჩართული. პროგრამა 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსის გარანტირებულად შენარჩუნებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6.51%-ით გაიზარდა.
ახალი რეკორდული მაჩვენებლების პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ სოციალურ შემწეობას, შესაძლოა, “შემორჩენილი სიების” გამო ისეთი ადამიანები იღებდნენ, რომლებიც არ იმსახურებენ. მინისტრი ფიქრობს, რომ სიაში არსებული ადამიანების რაოდენობა რეალურად არ ასახავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგოარეობას.
2024 წელს სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე 845 მილიონი ლარი დახარჯა. დახმარების დანიშვნის საფუძველი სარეიტინგო ქულებია – რაც მეტი ქულა უგროვდება ოჯახს, მით უფრო მეტ შემწეობას იღებს. თუმცა, საარსებო შემწეობის დაიშვნის პროცესში ხარვეზებზე აქამდე საუბრობდა სახალხო დამცველიც და მედიაც.
- ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. შესაბამისად, ქვეყნიდან გასვლამდე 12 თვის განმავლობაში მას საქართველოში გატარებული ჰქონდა, სულ მცირე, 183 დღე.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა, ხოლო მიგრაციის სალდო დადებითი იყო. 2023 წელს ემიგრანტების რეკორდული (მონაცემების გამოქვეყნება 2012 წლიდან დაიწყო) მაჩვენებელი დაფიქსირდა და ოფიციალური რიცხვი 163 480-ს გაუტოლდა.
სიტუაციის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მიგრაციის სალდოს ნახვა. 2020, 2022 და 2024 წლების გარდა, საქართველო მიგრაციის სალდო ყველა წელს უარყოფითია. 2020-ის დადებით ამჩვენებელს პანდემიის გამო დაბრუნებული მოქალაქეებით ხსნიან, 2022 წლისას კი – რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყანაში შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობით.

“გარკვეულწილად, ამ პარამეტრის [აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის] გაუმჯობესებას ეხმარება ნეგატიური ფაქტორი, როგორიც არის მიგრაციის ნაწილი, იმიტომ, რომ შრომისუნარიანი ხალხი მიდის ქვეყნიდან და, შესაბამისად, ისინი ამ პარამეტრში ვერ და არ მოხვდებიან. მათ მიერ გამოგზავნილი თანხები ამ პარამეტრს ბუნებრივად დადებითისკენ ცვლის და ეს არამც და არამც არ არის იმის დასტური, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეძლო რაღაც და გამოასწორა. ეს არის თითოეული ადამიანის მცდელობა, რომელიც უცხოეთში არის გადახვეწილი იმისთვის, რომ თავისი ოჯახი და ნათესავები არჩინოს”. – ამბობს ამ საკითხის განხილვისას ეკონომისტი რამაზ გერლიანი “ფორმულასთან” ინტერვიუში.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ქვეყანა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა დატოვა, ბოლო 4-წლიან ჭრილში სიღარიბის სტატისტიკის განხილვისას ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი მიგრაციაც უნდა იყოს.
- ფულადი გზავნილები
საქართველოდან უცხოეთში წასული ემიგრანტები გამომუშავებული თანხის ნაწილს სამშობლოში გზავნიან. ღარიბი ქვეყნებისთვის ეს გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, იმაზე საუბრისას, თუ რის ხარჯზე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკა, მნიშვნელოვანია, უცხოეთიდან ფულად გზავნილებზეც ვისაუბროთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზვანილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მილიონ დოლარს (861.0 მლნ. ლარი) გადააჭარბა, რაც 12.2%-ით (34.4$მლნ.) მეტია 2024 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 140.23$ მილიონი ჩაირიცხა, რაც სრული რაოდენობის 44.44%-ს წარმოადგენს. სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა სრულის 55.56%-ია და 175.28$ მილიონს შეადგენს. მაგალითისთვის, ქვეყანაში აშშ-დან 58.75$ მილიონი ჩაირიცხა, იტალიიდან – 51.63$ მლნ. რუსეთიდან – 41.09$ მლნ. და ა.შ.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას – 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 13%, 2.35$ მილიარდი შეადგინა. 2022 წელს მაჩვენებელი 4.4$ მილიარდი იყო (რუსეთიდან ჩარიცხვები გაიზარდა); 2023 წელს – 4.1$ მილიარდი, ხოლო 2024 წელს – 3.4$ მილიარდი.
- რას ხედავენ ეკონომისტები სტატისტიკის მიღმა?
იმის შესახებ, თუ რის ხარჯზე იკლებს რელურად ქვეყანაში სიღარიბის დონე, “მითების დეტექტორი” ეკონომისტს, “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.
“ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იყოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მით უმეტეს, აბსოლუტურ სიღარიბეში და, რა თქმა უნდა, ადამიანების შემოსავლები უნდა იზრდებოდეს. ეს არის ეკონომიკის მიზანი, მაგრამ ჩვენ კონტექსტში უნდა შევხდოთ ამ ყველაფერს: ყოველწლიურად იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და, სამწუხაროდ, ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი გადის ქვეყნიდან ემიგრაციაში და უკან აღარ ბრუნდება. მაგალითად, წინა და ბოლო აღწერას შორის, დაახლოებით, 250 000 ჩვენი მოქალაქეა ისე წასული ქვეყნიდან, რომ ჯერჯერობით აღარ დაბრუნდა.
ზოგადად, ნებისმიერი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება. თუ ამდენი ადამიანი ქვეყნიდან გადის, ასევე, საკმაოდ მაღალი გვაქვს უმუშევრობა და, ზოგადად, სამუშაო ძალაც კი შემცირებულია – 1 600 000 არის მხოლოდ სამუშაო ძალა. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც თვეების, წლების განმავლობაში უიმედოდ ეძებდნენ სამსახურს და ახლა უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. ჩვენ როცა ვიცით, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს და ჩვენი დასაქმებულების დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიან სექტორშია, ტრაბახი იმაზე, რომ სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს, ცოტათი არაადეკვატური მგონია”. – ამბობს ის.
გიორგი კეპულაძემ ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე:
“სახელმწიფო არ აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, რომ რეალურად დასაქმდნენ და შემდეგ ამოვიდნენ ამ სოციალურად დაუცველობიდან – თუ ადამიანი წლების განმავლობაში დასაქმებულია და ხელფასი აქვს, სოციალურად დაუცველთა სიაში რაღატომ უნდა იყოს? ეს არის ზუსტად პრობლემა – პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე კი არავინ ფიქრობს, რომ მართლა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ბიზნესს მივცეთ საშუალება, რომ მეტი ადამიანი დაასაქმოს, არამედ სახელმწიფო თავად ქმნის სამუშაო ადგილებს, რომლებიც არის უბრალოდ ფურცელზე. ხშირ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ყოფნა და ამ დახმარების მიღება ადამიანებს პირიქით ხელს უშლის ან კვალიფიკაციის ამაღლებაში, ან დასაქმებაში. ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის – ადამიანმა ისწავლა, ფაკულტეტი დაამთავრა, რომელმაც მას ვერ მისცა დასაქმების შესაძლებლობა და შემდეგ ის თვითონ ეძებს ახალ სამსახურს, ახალ კვალიფიკაციას… ზოგი ახერხებს ამას თავისთვის, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ზოგი კი – ვერა. გრძელვადიანი გამოსავალი იქნებოდა პროფესიული და, ზოგადად, განათლების ხელშეწყობა”. – ამბობს გიორგი კეპულაძე.
რესპონდენს ასევე ვკითხეთ გზაზე, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყანას სიღარიბის დამარცხებაში დაეხმარება:
“არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის მოგონება. ერთ დროს უღარიბეს ქვეყნებს ეს გზა გავლილი აქვთ. ნასწავლი გაკვეთილი რაც არის, შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და ჩვენს რეალობას მოვარგოთ. ჩვენს რეალობაში რაც არის, ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ძალიან სწორ და სწრაფ შედეგს იძლევა იგივე, ვთქვათ, დასაქმების და საინვესტიციო პოტენციალის ზრდის კუთხით. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, დაბალი გადასახადები, სასამართლო სისტემის მოწესრიგება – ინვესტორს არ ჰქონდეს იმის შიში, რომ მის საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სასამართლო. ეს არის არის გზები, რომლებიც გამოიარეს ქვეყნებმა და ხალხს ნობელის პრემია აქვს მოგებული იმაში, რომ დაამტკიცეს, ინსტიტურები არიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისთვის და, საბოლოო ჯამში, ის ქვეყნები მდიდრდებიან, სადაც ინსტიტუტები ინკლუზიური არის”. – ამბობს გიორგი კეპულაძე.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებელი მართებულია, თუ გვსურს, რეალური სურათი დავინახოთ, სიღარიბის დონის კლება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ზემოთ განხილული საკითხები აჩვენებს, რომ მაჩვენებელზე გავლენა, შესაძლოა, სხვა ფაქტორებსაც ჰქონდეს – მაგალითად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის რეკორდულად ზრდას.



















