27 სექტემბრს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ფრაზა გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ოსტინი რუს სამხედროებს ურჩევს, რომ აბრამსის ტანკებზე არ ინადირონ, რათა გერმანული ლეოპარდების სიტუაცია არ განმეორდეს:
ლოიდ ოსტინი: „გერმანელი ლეოპარდების სიტუაციის განმეორება მიუღებელია, როცა მათზე ნადირობდნენ, მე ვნახე მათი მოწოდებები. ითამაშე წესებით!“.
იდენტური პოსტი სხვა ქართულ (1,2,3,4,5) და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6) ფეისბუკ მომხმარებლებმაც გაავრცელეს. გარდა ამისა, ოსტინის ციტატა გამოაქვეყნეს რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც (1,2,3,4,5) .
სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ყალბი ციტატა ვრცელდება. ოფიციალურ წყაროებსა და სანდო მედიების ვებ-გვერდებზე ოსტინის იდენტური ან მსგავსი ფრაზა არ იძებნება.
ციტატა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუს სამხადროებს ამერიკულ “აბრამსებზე” ნადირობისგან თავის შეკავებას ურჩევს, ყალბია. როგორც საძიებო სისტემები აჩვენებს, ფრაზა ფეისბუქზე მოხვედრამდე 25 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) ერთ-ერთმა მომხმარებელმა (@AlbertSam786067) გაავრცელა. სოციალური ქსელის მომხმარებელი თავად პოსტში არ აღნიშნავს, თუ სად გააკეთა აღნიშნული განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, თუმცა ერთ-ერთი კომენტარის ავტორს პასუხობს, რომ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, ლოიდ ოსტინი მართლაც საუბრობდა ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ, თუმცა “აბრამსებზე” ნადირობისგან თავის შეკავებაზე მსგავსი ფრაზა არ უთქვამს. აღნიშნული განცხადების შინაარსი და ფორმულირება სატირული მიზნით შექმნილ ინფორმაციას ჰგავს, თუმცა ის რეალურ ამბად ვრცელდება.
აღსანიშნავია, როომ ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. 19 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა მალე M1 ტიპის “აბრამსის“ ტანკებს მიიღებს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლოიდ ოსტინი: “ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა დამატებით რამდენიმე თავდაცვის დახმარების პაკეტი გაუგზავნა უკრაინას, ჯამში 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის. ეს პაკეტები შეიცავდა საჭირო საჰაერო თავდაცვის, შეიარაღების და გამნაღმველ სისტემებს.”
21 სექტემბერს ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც შეხვდა. პრეზიდენტებს შორის გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 325 მილიონიანი პაკეტის გადასცემის შესახებ განაცხადა. ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპული განყოფილების დირექტორის, ამანდა სლოუტის თანახმად, პაკეტის შემადგენლობაში არ შედის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS).
2023 წლის 25 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ M-1 ტიპის “აბრამსის“ ტანკები აშშ-დან უკრაინაში ჩავიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: “აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების, შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, რათა გავაფართოოთ მომარაგება“.
წყაროების შესახებ:
ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტვ “ობიექტივის” ყოფილი მთავარი რედაქტორია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტები და განცხადებები მითების დეტექტორს წარსულშიც გადაუმოწმებია.
მწერალი მერაბ რატიშვილი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის დეზინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” რატიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.