სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც რეჟისორ დათა თავაძის პოსტებია დატანილი და აღნიშნულია, რომ მან 7 დეკემბრის მოვლენები წინასწარ დააანონსა. “იმედმა” ე.წ. ქარდი უკვე წაშალა, თუმცა ერთ-ერთმა ანონომურმა ანგარიშმა გადააზიარა ჯგუფში ანტი-მაიდანი! აღწერით: “ორი დღის წინ დაწერილი სცენარი”.
მტკიცება, თითქოს დათა თავაძემ 7 დეკემბრის მოვლენები წინასწარ დააანონსა, სიმართლეს არ შეესაბამება. მან 7 დეკემბერზე პოსტები მას შემდეგ დაწერა, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაშლა დაიწყო.
6 დეკემბერს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის განცხადების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა 7 დეკემბრის 00:33 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის).
რეჟისორ დათა თავაძის ფეისბუკ-ანგარიშზე პირველი პოსტი 7 დეკემბერთან დაკავშირებით 02:45 წუთზე დაიდო, ანუ, დაახლოებით 2 საათის შემდეგ იმ დროიდან, რაც სპეცრაზმმა მოქალაქეები დაშალა.
მეორე პოსტიც, რომელიც “იმედმა” საინფორმაციო ბარათზე დაიტანა, 7 დეკემბერს საღამოს 10:53 საათზეა გამოქვეყნებული.
დათა თავაძემ “იმედის” ბრალდებაზე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. მან ბრალდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ მოვლენებს ზუსტად მაშინ გამოეხმაურა, როდესაც რუსთაველზე აქციის დაშლა დაიწყო.
7 დეკემბერს დემონსტრანტების დასაშლელად განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი. 9 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ორგანიზაცია წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება. 02:45 საათისთვის, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდიანრე აქციას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის, როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
წყაროს შესახებ:
ჯგუფის “ანტი-მაიდანი!” შექმნა პირველ დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა გიორგი ჭურღულიამ დააანონსა. ერთ-ერთ პოსტში ის აღნიშნავს, რომ ჯგუფის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს “დიდი ძალა”, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას. ვრცლად, გაეცანით “მითების დეტექტორის” კვლევაში: რა ვიცით ჯგუფ “ანტი-მაიდანის” შესახებ და ვინ არიან მისი ადმინისტრატორები?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.