4 ივნისს POSTV-ის გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი” სტუმრად მყოფმა “ხალხის ძალის” წევრმა, დავით ქართველიშვილმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთის შეთავაზებას, დაიბრუნოს 6 000 სამხედროს ცხედარი, დუმილით პასუხობს. ქართველიშვილის თქმით, ამას 2 მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: 1) უკრაინას არ სურს აღიაროს, რომ კურსკში 6 000 ჯარისკაცი დაეღუპა; 2) დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.
დავით ქართველიშვილი [9:40]: “რუსები უპირობოდ, ცალმხრივად, ძალიან საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ – 6 000 გაყინული ნეშტი გმირი უკრაინელი ჯარისკაცების ინახება დღეს პროზექტურის საცავებში რუსეთში. გადმოგცემთო, წაიღეთო, დაუბუნეთ ოჯახებს. საქმე იმაშია, რომ ამ დღეებში ძალიან საგანგაშო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომ ძალიან დიდ რაოდენობა უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე საუბრობს ზელენსკის ადმინისტრაცია. რაღაც ათობით ათასზე ავიდნენ. აგერ 6 000 პირველი შემოთავაზება გაჩნდა რუსეთისგან, რასაც უკრაინა ჯერჯერობით დუმილით პასუხობს. დუმილით პასუხობს ორი ძალიან საინტერესო მოსაზრების გამო. ეს ის ადამიანები არიან, როგორც რუსული მხარე იუწყება, რომლებიც კურსკის ოლქში იქნა დაღუპულა. იმის აღიარება, რომ კურსკის ოლქში თუნდაც 6 000 ჩვენი მეომარი დაიღუპა, ამისთვის ზელენსკის ადმინისტრაცია მზად არ არის, ეს ერთი. და მეორე: ეს ადამიანები არა თუ უგზო უკვლოდ დაკარგულებად, არამედ დაღუპულებად რომ სცნონ და ოჯახებს დაუბრუნონ მათი ნეშტები, თითოეულ ოჯახზე 15 მილიონი გრივნაა გადასახდელი. ანუ, 90 მილიარდი გრივნის გადახდა მოუწევს ზელენსკის.”
ქართველიშვილის განცხადება მოგვიანებით გამოაქვეყნეს მედიასაშუალებებმა: იმედი; InfoPostalioni; მხარე; მედიაჰოლდინგი “კვირა”; რეპორტიორი.
დავით ქართველიშვილის განცხადება, თითქოს უკრაინას ფინანსური ან რეპუტაციული მიზეზით არ სურს, 6 000 სამხედროს ცხედარი დაიბრუნოს, მანიპულაციურია. უკრაინულ მხარეს გაცვლაზე უარი არ უთქვამს, ამავდროულად, აცხადებს, რომ აღნიშნული ცხედრების მხოლოდ 15%-ია იდენტიფიცირებული და წარსულშიც ჰქონდათ გამოცდილება, როცა რუსეთის მიერ გადაცემული ცხედრები დაღუპული რუსი ჯარისკაცები აღმოჩნდნენ.
2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგა. შეხვედრა 1 საათამდე გაგრძელდა და, საერთო განცხადების მიხედვით, მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, მათ შორის არიან მძიმედ დაშავებულები და 18-25 წლამდე პირები. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ტყვეების გაცვლა თითო მხრიდან, მინიმუმ, 1 000 ადამიანს მოიცავს და, სავარაუდოა, 1200-საც მიაღწიოს, რომელიც, შესაძლოა, მოიცავდეს რუსეთში მყოფ დაკავებულ ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ პატიმრებს. მოლაპარაკებებს რაიმე განსაკუთრებული შედეგი ცეცხლის შეწყვეტის მხრივ არ მოჰყოლია. რუსეთი კვლავ არ თანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.
ამავე მოლაპარაკებების დროს რუსეთმა უკრაინას შესთავაზა უკრაინელი სამხედროების 6 000 ცხედრის გადაცემა, ასევე, 2-3 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, რათა დაღუპული ჯარისკაცები გაიყვანონ. აღნიშნულს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ 6 000-იდან მხოლოდ 15%-ია იდენტიფიცირებული, ხოლო უკრაინამ უნდა შეამოწმოს ის ცხედრები, რომელთა დაბრუნებასაც რუსეთი აპირებს.
“რუსებმა თქვეს, რომ მზად არიან, გადმოგვცენ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები, თუმცა ამ საკითხს ძალიან დაკვირვებით მიდგომა უნდა, ეს თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ვუთხარი.
შევიტყვე, რომ ამ 6 000 ცხედრიდან მხოლოდ 15%-ია იდენტიფიცირებული, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის შემოწმება. ჩვენი ყველა ჯარისკაცი უნდ დავიბრუნოთ, თუმცა, ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როდესაც გადმოგვცეს ცხედრები, რომელთა შორისაც მათი რუსი ჯარისკაცები იყვნენ”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი საკითხს 4 ივნისსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფლობენ დოკუმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ ცხედრების მცირე ნაწილია იდენტიფიცირებული. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ცხედრების დაბრუნების საკითხს ყურადღებით ეკიდება და გაცვლას პიარის გამო არ განახორციელებს.
“ჩვენ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებშიც ნათლად არის მითითებული, რომ რუსეთმა ცხედრების მხოლოდ 15%, მაქსიმუმ 20%-ის იდენტიფიცირება მოახდინა. ეს მათივე დოკუმენტებით დგინდება. ჩვენ არ ვიტყვით, საიდან მოვიპოვეთ დოკუმენტები, ჩვენი ანალიზიც იგივეს ამბობს. შევთანხმდით, რომ ყველა სათანადოდ მოვემზადოთ, რათა მოხდეს მკაფიოდ იდენტიფიცირება, ჩვენ ჩვენს სამხედროებთან და დაღუპულებთან დაკავშირებით არ ვხუმრობთ”. – თქვა მან.
მისივე სიტყვებით, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნება, ხოლო რუსებს თავიანთი ცხედრების მოშორება სურთ.
ამრიგად, დავით ქართველიშვილის განცხადება, თითქოს უკრაინას რეპუტაციული ან ფინანსური მიზეზებით არ სურს, დაღუპული ცხედრები დაიბრუნოს, მანიპულაციურია. უკრაინას ამ შეთავაზებაზე დუმილით არ უპასუხია, რეალურად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული 6 000 ცხედრიდან მხოლოდ მცირე ნაწილია იდენტიფიცირებული და არსებობს რისკი, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები ამ გზით “მოიშოროს”. მედიასაშუალებებმა ქართველიშვილის ციტატა ისე გააშუქეს, რომ ფაქტებზე მკითხველს ინფორმაცია არ მიაწოდეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.