4 მცდარი და მანიპულაციური მტკიცება ევროპაზე “სალტეს” ეთერში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სალტე
64
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუქ გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად” სადაც სტუმრად იმყოფებოდა ნატა დარჩიაშვილი. გადაცემაში ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით შემდეგი მტკიცებები გაჟღერდა:

  1. გერმანიამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ 14 წლის ბავშვი გადაწყვეტს, შეუძლია სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს მშობლების ნებართვის გარეშე.
  2. საფრანგეთი აანონსებს, რომ თუ რუსეთი აიღებს ზაპორიჟიას, ღიად ჩაერთვება საბრძოლო პროცესში.
  3. საფრანგეთში ერთ ჟურნალისტს უფლებამოსილება წაართვეს, რადგან უცხოეთიდან ფინანსდებოდა.
  4. ოლიმპიური თამაშების სარეკლამო ბარათზე გამოსახულ ინვალიდთა სასახლეს ჯვარი მოაშორეს, რაზეც განათლების მინისტრმა თქვა, რომ ეს თანამედროვე ხელოვნებაა.

სალტე

“სალტეს” გადაცემაში 4 მცდარი/მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა: 1) მტკიცება, რომ გერმანიაში ახალი კანონი 14 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების უფლებას მშობლის ნებართვის გარეშე აძლევს, დეზინფორმაციაა. რეალურად კანონი მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და სქესის ცვლილებას შეეხება და არა ოპერაციას, არასრულწლოვნებს ამ შემთხვევაშიც მშობლის თანხმობა სჭირდებათ; 2) ასევე მცდარია მტკიცება, რომ საფრანგეთი რუსეთის მიერ ზაპორიჟიას აღების შემთხვევაში ომში ჩართვას აანონსებს. მსგავსი განცხადება ქვეყნის არცერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია; 3) ღია წყაროებში ასევე არ იძებნება ინფორმაცია საფრანგეთში ჟურნალისტისათვის უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო უფლებამოსილების შეჩერების შესახებ; 4) ოლიმპიური თამაშების პოსტერზე ინვალიდთა სასახლეზე ჯვრის არ დატანაზე მტკიცება კი მანიპულაციურია. რეალურად, პოსტერზე გამოსახული ყველა საკულტო ნაგებობა შეცვლილი და მხატვრის მიერ ინტეპრეტირებულია, კონკრეტულად ინვალიდების სასახლე და ჯვარი სამიზნე არ ყოფილა.

  • დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ 14 წლის ბავშვი გადაწყვეტს, შეუძლია სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს მშობლების ნებართვის გარეშე.

ეს მტკიცება მცდარია. რეალურად, გერმანიაში მიიღეს კანონი, რომელიც ამარტივებს სქესის შეცვლას ოფიციალურ დოკუმენტებში და ის არ შეეხება სქესის შეცვლის ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად საჭირო იყო ორი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება, რადგან კანონის პირვანდელი ვერსია ექსპერტების შეფასებასთან ერთად დოკუმენტებში სქესის შეცვლის მისაღწევად განქორწინებას, სტერილიზაციას ან სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარებას ითხოვდა.

კანონი ამ პროცედურას გაამარტივებს და სრულწლოვნებისათვის დოკუმენტებში სახელის და გენდერის შეცვლა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმალობების გარეშე გახდება შესაძლებელი. ცვლილების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დამატებით რაიმე ცვლილების შეტანა შესაძლებელი აღარ იქნება.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, კანონი 14 წლიდან დასაშვებად ცნობს ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და გენდერის ცვლილებას მშობლების თანხმობით. არასრულწლოვანს მშობლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება. 14 წელს მიუღწეველ პირებს კი მშობლის გარეშე მსგავსი მომსახურების მისაღებად დარეგისტრირება არ შეეძლებათ.

კანონი სქესის შეცვლის ოპერაციებს არ შეეხება. ამ შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს არსებული კანონმდებლობა, რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარებას არასრულწლოვნებში მხოლოდ მშობლის ან ოფიციალური ორგანოს თანხმობით უშვებს.

  • დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთი აანონსებს, რომ თუ რუსეთი აიღებს ზაპორიჟიას, ღიად ჩაერთვება საბრძოლო პროცესში.

რეალურად, მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე წლის მაისში ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფრონტის ხაზებს გაარღვევდა და უკრაინა საფრანგეთს დახმარებას სთხოვდა. მაკრონს ამ ინტერვიუმდეც ჰქონდა დაფიქსირებული პოზიცია, რომ უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. ამ განცხადების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი, მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში სამხედრო მწვრთნელების გაგზავნას განიხილავდა. თუმცა, კონკრეტული განცხადება, რომ ზაპორიჟიას აღების შემთხვევაში საფრანგეთი ომში ღიად ჩაერთვებოდა ქვეყნის არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია.

  • არ იძებნება ინფორმაცია საფრანგეთში ჟურნალისტისთვის უფლებამოსილების წაართმევის შესახებ იმ მიზეზით, რომ ის უცხოეთიდან ფინანსდებოდა

ნატა დარჩიაშვილი ჟურნალისტის სახელს და გვარს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევა 4-5 თვის წინ მოხდა. რეალურად, მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. უახლოეს პერიოდში საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა აკრედიტაცია 4 რუს ჟურნალისტს შეუჩერეს, რომლებიც ღონისძიებას TASS-ისთვის აშუქებდნენ. გადაწყვეტილების მიზეზი არ გასაჯაროებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯაშუშობასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო 100-ზე მეტ ჟურნალისტს, მათ შორის რუსეთიდან, ვიზაზე უარი უთხრეს.

  • მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს ოლიმპიური თამაშების სარეკლამო ბარათზე გამოსახულ ინვალიდთა სასახლეს ჯვარი მოაშორეს, რაზეც განათლების მინისტრმა თქვა, რომ ეს თანამედროვე ხელოვნებაა.

პარიზში გამართული ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ პოსტერზე ინვალიდთა სასახლეს ჯვარი მართლაც არ აქვს, რასაც პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. საფრანგეთის განათლების მინისტრის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება, თუმცა თავად პოსტერის ავტორმა განმარტა, რომ ნახატზე მან პარიზის საკულტო ნაგებობები დაიტანა ისე, როგორც მათ თავად ხედავს და მისი ინტერპრეტაციის უკან რაიმე ფარული მოტივი არ იმალება. მისივე თქმით, ნახატის მიზანი არაა ზუსტად და უცვლელად ასახოს ეს ნაგებობები, არამედ მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია როგორც ფანტასტიკური უტოპია

არტ-დეკოს სტილში. გარდა ინვალიდთა სახლის გუმბათისა, პოსტერზე გამოსახული ყველა ნაგებობა მართლაც რელურისაგან განსხვავებულია. მაგალითად, ეიფელის კოშკი ვარდისფერია, ხოლო ტრიუმფალური თაღის ქვეშ მეტრო გადის:

სალტე

წყარო: BBC

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ოლიმპიური თამაშების პოსტერზე გამოსახული ნაგებობა შეცვლილია და ჯვარი არ აქვს გამოსახული. მაგალითად, 1924 წლის პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთ პოსტერზე შუბის მტყორცნელის ფონზე გამოსახულია მონმარტრზე მდებარე ბაზილიკა Sacré-Cœur, რომელსაც ნახატზე ასევე არ აქვს ჯვარი.

სალტე

წყარო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist