5 ოქტომბერს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემა “მარშალპრესმა”, Front News-მა ასევე ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა, მამუკა არეშიძის მიერ 3 ოქტომბერს რადიო 98.5-ში ე.წ. “გლობალური ომის პარტიაზე” გაკეთებული განცხადება გაავრცელეს. არეშიძის თქმით, ტერმინი “გლობალური ომის პარტია” აშშ-ის 34-ე პრეზიდენტ ეიზენჰაუერს ეკუთვნის და მას ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებს.
არეშიძემ ასევე თქვა, რომ ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ლიბერმანმა ინტერვიუში ისრაელში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა, ისრაელის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და გლობალური ომის პარტია ახსენა.
მამუკა არეშიძე: „როცა არის გლობალურ ომის პარტიაზე [საუბარი], აქ ხომ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ქვეყანაზე, რომ გინდა თუ არა ეს ქვეყანა იყოს. მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ ეს ტერმინი ეიზენჰაუერის მოგონილია, Deep state ჰქვია მაგას. შემდეგ კენედი იყენებდა, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებს და რატომ არის საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკის, დაცინვის საგანი ვერ გეტყვით. გლობალური ომის პარტია არის რასაკვირველია, იგივე ისრაელის შემთხვევაში. დღეს მოვისმინე ყოფილი პრემიერის, ლიბერმანის ინტერვიუ ისრაელში მიმდინარე პროცესზე და ის ახსენებს გლობალურ ომის პარტიას“.
მამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” ლიდერების კონსპირაციულ თეორიასა და ტერმინ “გლობალური ომის პარტიას” ტერმინ “დიფ სთეითთან” აიგივებს, რეალურად კი ამ ორ ტერმინს ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია და განმარტება აქვს. მის განცხადებაში რამდენიმე მცდარი მტკიცებაა:
- ტერმინი დიფ სთეითი დუაით ეიზენჰაუერს არ შეუქმნია, რეალურად ტერმინი პირველად თურქეთში გაჩნდა;
- აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ამ ტერმინს არ იყენებდა, დიფ სთეითზე აქტიურად მხოლოდ დონალდ ტრამპი საუბრობს;
- ისრაელის ყოფილ მინისტრ ლიბერმანს ინტერვიუში ტერმინი გლობალური ომის პარტია არ უხსენებია.
-
რა არის “დიფ სთეითი” და საიდან მოდის ის?
ტერმინი “დიფ სთეით” (Deep State) პირველად თურქეთში წარმოიშვა. თურქული ფრაზა Derin Devlet სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც Deep State და ის გამოიყენებოდა თურქეთის მთავრობისა და სამხედროების ფარული ქსელის აღსაწერად, რომელიც ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირებისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისტორიკოსი რაიან გინგერასი ტერმინის წარმოშობას ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის მიწურულსაც კი უკავშირებს.
გინგერასის თანახმად, ტერმინი „ზოგადად აღნიშნავს ერთგვარ ჩრდილოვან ან პარალელურ მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური ან საჯაროდ არაღიარებული პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“. ისტორიკოსის თქმით, თურქულ კონტექსტში, დიფ სთეითი არა მონოლითური ერთეული, არამედ ლეგალური და არალეგალური ელემენტებისა და ადამიანების ერთობლიობაა.
ტერმინი ეიზენჰაუერს არ ეკუთვნის და ის მას პირდაპირ არ გამოუყენებია, თუმცა ამ ტერმინს ხშირად მის 1961 წლის ცნობილ გამოსამშვიდობებელ სიტყვას უკავშირებენ, რომელშიც ის „სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის“ საფრთხის შესახებ საუბრობს, რაც მსგავს კონცეფციად შეიძლება იქნას აღქმული. ეიზენჰაუერი თავის სიტყვაში ძალაუფლებისა და გავლენის თავდაცვის კონტრაქტორებს, პენტაგონსა და სამთავრობო უწყებებს შორის კონცენტრაციაზე საუბრობს და შიშობს, რომ მათმა ინტერესებმა, შესაძლოა, სახელმწიფოში დემოკრატიული ნება დაჩრდილოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეიზენჰაუერის გამოსამშვიდობებელ სიტყვასა და “დიფ სთეითის” ტერმინს ზოგჯერ ერთმანეთს უკავშირებენ, კონტექსტი და ტერმინები “დიფ სთეითი” და “სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი” ერთმანეთისგან მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეიზენჰაუერი უფრო მეტად მილიტარიზმზე იყო ორიენტირებული, ხოლო „დიფ სთეითის“ ნარატივი ხშირად მიუთითებს ფესვგადგმულ ბიუროკრატიებზე და სადაზვერვო სააგენტოებზე, რომლებიც მოქმედებენ არჩეული ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებლად.
-
რა არის “გლობალური ომის პარტია”?
რაც შეეხება “გლობალური ომის პარტიას”, ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ გამოყენებული კონსპირაციის თეორიაა და ამასთან დაკავშირებით გზავნილები 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. პარტიის ლიდერები ზუსტად არ ასახელებენ, ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში, თუმცა ამბობენ, რომ ამ ჯგუფის მიზანი უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნაა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალური ომის პარტიას კრიტიკული გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის სტრუქტურებზე.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თქმით, გლობალური ომის პარტია გამოგონილი თეორია და კრემლის ნარატივია.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ომის პარტიის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრების გარდა, არანაირი წყარო არ არსებობს.
-
“დიფ სთეითზე” აშშ-ის პრეზიდენტებიდან აქტიურად მხოლოდ ტრამპი საუბრობს
ასევე მცდარია მტკიცება, თითქოს ტერმინ დიფ სთეითს ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებდა, მსგავსი განცხადებები ღია წყაროებით არ იძებნება. ფრაზას აქტიურად მხოლოდ დონალდ ტრამპი იყენებდა და დღემდე იყენებს.
ტერმინი განსაკუთრებით პოპულარული აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მის შემდეგ გახდა, რადგან დონალდ ტრამპი მას აქტიურად იყენებდა. ტრამპმა ტერმინს კონსპირაციული თეორიის ელფერი შესძინა და არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი დიფ სთეითის განადგურებაა. მისი თქმით, დიფ სთეითი „ძლიერი ბიუროკრატებისა და ოფიციალური პირების სავარაუდო ჩრდილოვანი ჯგუფია, რომლებიც, ბევრის აზრით, არასათანადო გავლენას ახდენენ მთავრობის პოლიტიკაზე, მიუხედავად არჩეული ადმინისტრაციისა“. ტრამპი დიფ სთეითს არჩევნებისა და შემდეგში მისი პრეზიდენტობის პერიოდში საბოტაჟში ადანაშაულებს.
-
ლიბერმანს ინტერვიუში “გლობალური ომის პარტია” არ უხსენებია
მამუკა არეშიძემ ასევე თქვა, რომ ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ავიგდორ ლიბერმანმა გლობალური ომის პარტია ახსენა და ნეთანიაჰუ გააკრიტიკა. სავარაუდოდ, არეშიძე ლიბერმანის 2 ოქტომბრის რუსულენოვან ინტერვიუს გულისხმობს, რომელშიც მან თქვა, რომ ნეთანიაჰუ ომს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, თუმცა მას ტერმინი გლობალური ომის პარტია არ უხსენებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.