29 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4;5;6) საპროტესტო აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის 11 წამიანი ვიდეო გაავრცელეს. პოსტების მიხედვით, პრეზიდენტმა რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა: “მე დღეს მივეცი, მე მგონი, ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელ ქვეყნების პრეზიდენტებს.”
სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ამსახველი ვიდეო დამონტაჟებულია. რეალურად, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ 17 ევროპულ მედიას მისცა ინტერვიუ, ამასთანავე, ესაუბრა 6 პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.
28 ოქტომბერს რუსთაველზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციაზე მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიმართა. დასასრულს, ოპოზიციამ არჩევნების ხელახალი ჩატარება მოითხოვა.
სიტყვით მიმართვისას სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამომრჩევლების ხმები მოიპარეს. პრეზიდენტის განმარტებით, ევროპასა და ამერიკაში არჩევნების არსებულ შედეგებს არავინ აღიარებს და ისინი დარღვევების გამოძიებას მოითხოვენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე მოქალაქეების მონაწილეობით უნდა შეიქმნას სრული სურათი, რაც აშკარას გახდის ხმების მასიურად და სისტემურად წართმევის სქემას. საბოლოოდ, მან რუსთაველზე შეკრებილებს უთხრა, რომ პესიმიზმის დრო არ არის და “დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები.”
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს უთხრა, რომ არჩევნების შემდგომ დღეებში საერთაშორი პარტნიორებთან აქტიურად აქვს კონტაქტი და ცდილობს, მათ განუმარტოს, თუ რა მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ “ექვს პრეზიდენტს მისცა.” სიტყვით გამოსვლის აღნიშნულ მონაკვეთში ზურაბიშვილმა თქვა: (2:05)
“ახლა მე მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში. მე დღეს მივეცი, მე მგონი, 17 ინტერვიუ უცხოურ მედიაში, რომ ავუხსნა აქ რა მოხდა. ვესაუბრე ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელ ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო მინისტერებს. თქვენ ალბათ წაიკითხავდით ყველა ის შეფასებებს და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან.”
ზურაბიშვილს, გარდა ამ ეპიზოდისა, ევროპული სახელმწიფოების პრეზიდენტები არსად უხსენებია. სავარაუდოდ, ზურაბიშვილის ხმა დაჭრილია, შემდეგ კი მის კადრზეა გადადებული.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ოფიციალური მონაცემით, 5%-იანი ბარიერი გადალახა და XI მოწვევის პარლამენტში მოხვდა ხუთი პარტია. მათ შორის ყველაზე მეტი, ხმათა 53.9%, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
26 ოქტომბერსა და შემდგომ დღეებში დამონტაჟებული ან მანიპულაციური შინაარსის არაერთი ვიდეო გავრცელდა. მათი სამიზნე, ძირითადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ, თუმცა “მითების დეტექტორმა” ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაფრენის შესახებ გავრცელებული ვიდეომანიპულაციაც გადაამოწმა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი Хунда Дзе ,,კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში ის ტელევიზია ,,ალტ-ინფოს” სიახლეებს რამდენიმე ანგარიშით (1, 2, 3, 4) მუდმივად აზიარებს, ასევე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს.
ხატია ჯანაშია, ასევე “ალტ – ინფოს” მხარდამჭერია. ის სოციალურ ქსელში მუდმივად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, ასევე დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს. “მითების დეტექტორი” ჯანაშიას გამოქვეყნებულ პოსტებს ხშირად ამოწმებს.
ყალბი ფეისბუქ-ანგარიში დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია.
ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო კვარაცხელია ამჟამად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებსა და ინფორმაციას ავრცელებს. “მითების დეტექტორის” კვლევით, 2020 წელს ის “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტი იყო. კვარაცხელია ანტიოპოზიციური შინაარსის ყალბი ამბების გავრცელებით გამოირჩევა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.