2023 წლის 26 ოქტომბერს გერმანული სატირული გამოცემის EULENSPIEGEL-ის გარეკანის სახელით სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა.
გარეკანის ილუსტრაციაზე ეიფელის კოშკის ფონზე პარიზის ოლიმიპადის მონაწილეები არიან გამოსახული, რომლებსაც, სავარაუდოდ, პარაზიტების ნაკბენის შედეგად ტანი ექავებათ. ანიმაციურ ფოტოს თან ახლავს გერმანული წარწერა: Ist Krätze die neue olympische Sportart 2024? (მუნი 2024 წლის ოლიმპიადის ახალი სპორტია?). გამოშვების ნომრად 11/2023 არის მითითებული.
EULENSPIEGEL-ის სახელით გავრცელებული ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია. გამოცემის უახლეს ნომერს განსხვავებული გამოსახულება აქვს. მსგავსი ვიზუალის მქონე ნომერი არც არქივში იძებნება.
EULENSPIEGEL გერმანული სატირული ჟურნალია, რომლის ნომრები თვეში ერთხელ გამოიცემა. 2023 წლის მე-11 გამოცემის გარეკანზე, ზემოთ აღნიშნული კარიკატურის მაგივრად, ვერმახტის გერმანელი ოფიცრის კლაუს ფონ შტაუფენბერგის ფორმაში ჩაცმული კრაზანაა გამოსახული. შტაუფენბერგი ცნობილია იმით, რომ მან 1944 წელს ადოლფ ჰიტლერის მოკვლა სცადა. EULENSPIEGEL-ის გრაფიკული გამოსახულება გერმანელ ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს პოლიტიკოს ტინო ქრუპალაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტსა და მის ჰოსპიტალიზაციას ეხმიანება.
ჟურნალის წინა ნომრის გარეკანზე წარმოდგენილია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის სატირული ფოტო. ჟურნალმა გასულ თვეებში მრავალი გრაფიკული გამოსახულება და კარიკატურა გამოაქვეყნა, თუმცა, პარიზის ოლიმპიადაზე მსგავსი დიზაინის ან თემატიკის მასალა არც გამოცემის ვებსაიტზე, და არც ფეისბუქის, ტვიტერის თუ ინსტაგრამის ანგარიშებზე იძებნება.
გავრცელებული გაყალბებული გარეკანი პარიზში საწოლის ბაღლინჯოების გავრცელებას ეხმიანება. მინისტრები შიშობენ, რომ ბაღლინჯოების გამო პარიზის რეპუტაცია დაზიანდება და ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2024 წელს პარიზში ოლიმპიადა იმართება. გარდა ამისა, ამჟამად კვლავ აქტუალურია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე ათლეტების ოლიმპიადაში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხი. 2023 წლის 12 ოქტომბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე.
პარიზის ოლიმპიადა რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების სამიზნე ადრეც გამხდარა. ზოგადად კი ევროპული გამოცემების გარეკანების გაყალბება გავრცელებული პრაქტიკაა.
იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:
- გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება
- EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება
- EULENSPIEGEL -ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
ანასტასია ჯაფარიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.