24 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7) ინფორმაცია 17 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ. ფეისბუქ-პოსტების ავტორების ცნობით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ: ავღანეთის; ბანგლადეშის; განის; ეთიოპიის; ერიტრეას; იემენის; კამერუნის; კოტ-დ’ივუარის; კონგოს; მაროკოს; ნიგერიის; პაკისტანის; სომალის; სირიის; სუდანის; ტანზანიისა და უგანდის.
გარდა ამისა, ფეისბუქ მომხმარებლები ამავე მტკიცებით საკუთარ ანგარიშებსა და ფეისბუქ-ჯგუფებში ავრცელებენ (1;2) “მთავარი არხის” საინფორმაციო ბარათს.
სოციალურ ქსელში 17 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. მოქალაქეებს, რომლებსაც გალფის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ამ დრომდე ისედაც შეეძლოთ. 2025 წლის აპრილის დადგენილება ჩამოთვლილი ქვეყნების (ავღანეთი, სირია და ა.შ.) ყველა მოქალაქეს არ აძლევს საქართველოში შემოსვლის უფლებას, პირობა გალფის ქვეყნების ვიზის/ბინადრობის უფლების ქონის შესახებ ისევ ძალაში რჩება, თუმცა მას ემატება ჩანაწერი დოკუმენტის ვადაზე – მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 წლიანი ვადა.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 აპრილის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა 2015 წლის 5 ივნისის N256 დადგენილებაში სახელწოდებით “იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით”.
2015 წლის დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყნების ვიზის ან/და ბინადრობის უფლების მქონეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, დაემატა შემდეგი მე-3 პუნქტი:
“ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალის დანართ №1-ში მოცემული იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით”.
შესაბამისად, ჩანაწერში გაჩნდა ახალი პირობა, რომლის მიხედვითაც გალფის ქვეყნების ვიზის ან ბინადრობის უფლების მქონეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვლენ უვიზოდ, თუ მათ აღნიშნულ დოკუმენტს საზღვრის კვეთის დროს აქვს 1 წელზე მეტი ვადა. მსგავსი ჩანაწერი 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში არ გვხვდება.
2015 წლის დადგენილების მიხედვით ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების (გალფის ქვეყნების) ვიზის/ბინადრობის უფლების მქონეებს ისედაც ჰქონდათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება. აღნიშნული ქვეყნები შედიოდნენ დადგენილებით გათვალისწინებული 50 ქვეყნის სიაში. ამავე დოკუმენტში შემოსვლის ვადები და პირობები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:
- უცხოელებს, რომლებსაც აქვთ დანართში მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.
- საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
ამრიგად, ახალი დადგენილება ჩამოთვლილი 17 ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლებას არ აძლევს. 2025 წლის აპრილის დადგენილებაში სიახლე არის ქვეყნების ჩამონათვალი – ის 17 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, თუ მათ აქვთ გალფის ქვეყნების ვიზა/ბინადრობის უფლება. ასევე, სიახლეა ჩანაწერი ვადის შესახებ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამკაცრებას უწოდებს – უვიზოდ შემოსვლა შეეძლება მხოლოდ მას, ვის ვიზას/ბინადრობის უფლებას ვადა არანაკლებ 1 წელი აქვს. ამ დრომდე მოქმედი პირობით, საზღვრის კვეთისას დოკუმენტის ვადებზე ჩანაწერი არ არსებობდა.
ფეისბუქ-მომხმარებლებმა “მთავარი არხის” საინფორმაციო ბარათი გაავრცელეს – მედიას ამ დროისთვის ის წაშლილი აქვს. დამატებითი განმარტების გარეშე შეცდომაში შემყვანია საინფორმაციო ბარათზე დატანილი წარწერა “საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ – ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო”.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.