განახლება: 16 აპრილს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანი გაავრცელა ფოტო, რომელზეც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას ასახავს, ფოტოზე ასე ჩანს LGBTQ+ დროშა. დეკანოზი მიანიშნებს, რომ ,,დღეს [15 აპრილი] რუსთაველზე გზაშეცდომილი ადამიანების კრებაა”.
15 აპრილს კრემლისტური ტელევიზია ,,სეზონი TV”-ის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,შიინ ევროპისკენ”, ასევე ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელმა (1, 2) გამოაქვეყნეს იდენტური ფოტო, რომელიც, თითქოს, აქციაზე ,,კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” არის გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს საქართველოსა და LGBTQ+ ცისარტყელის დროშა უჭირავს. საპროტესტო აქციის პარალელურად, ანგარიშები წერდნენ, რომ აქციაზე ,,გეი დროშაც გაშალეს” და რუსთაველის გამზირზე ლგბტ პროპაგანდაა.
გავრცელებული ფოტოები 15 აპრილის აქციაზე არ არის გადაღებული. ის 2021 წლის 6 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ასახავს, სწორედ ამ აქციაზე გაშალეს LGBTQ+ დროშა.
2021 წლის 6 ივლისს თბილისში მდუმარე აქცია ,,თავისუფლებისთვის” გაიმართა. ერთი დღით ადრე, 5 ივლისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა ,,ღირსების მარშის” (პრაიდი) ჩაშლის მოტივით, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე იძალადეს. 5 ივლისის ძალადობაში სხვადასხვა პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, ,,კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფო.”
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხალხის მასაში ტელეკომპანია ,,ფორმულას” ლოგოა. 6 ივლისის აქციის კადრებში ასევე ჩანს ტელეკომპანიის ლოგოს ინსტალაცია. სწორედ ამ აქციაზე გაშალეს LGBTQ+ დროშაც.
15 აპრილის აქციაზე ,,ფორმულას” ლოგო წარმოდგენილი არ იყო.

გავრცელებულის იდენტურ ფოტოს შუა აღმოსავლეთზე ორიენტირებული ესპანურენოვანი მედია, Informe Oriente Medio ავრცელებს და თან 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე წერს.
რამდენიმე დღეა მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ცნობები ვრცელდება. მათ ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს:
- ფეისბუკზე ეკა კვესიტაძის საპროტესტო ბანერის დამუშავებული ფოტო ვრცელდება
- ,,იმედის” დეზინფორმაცია, თითქოს 15 აპრილის აქციას ,,ალტ-ინფო” შეუერთდა
წყაროების შესახებ:
ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.
ფეისბუქ ანგარიში Giorgi Mamisashvili ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
David Tordia-ს პროფილის აღწერაში მითითებული აქვს, რომ ,,დეზინფორმაციასთან ბრძოლის დეპარტამენტში” მუშაობს. წარსულში სამუშაო ადგილად მითითებული ჰქონდა ,,ლიდერი 41”, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდი. მას წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია არასანდო ცნობები, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმულები: შიინ ევროპისკენ, Giorgi Mamisashvili
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.