31 აგვისტოდან ქართულ (1;2) და რუსულენოვან (1;2;3) წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ დანდიში დააკავეს 14 (ზოგიერთი ცნობით 15) წლის გოგო, რომელიც “რადიკალი მუსლიმი მიგრანტებისგან” 12 წლის მოზარდის დაცვას ცდილობდა, ხოლო მიგრანტები თავისუფლად გაუშვეს. ზოგიერთ პოსტს დართული აქვს ვიდეო, რომელშიც რამდენიმე გოგო ჩანს და კაცის ხმა ისმის. ვიდეოს დასაწყისში კაცი ერთ-ერთს მოუწოდებს, დანა გამოაჩინოს, რის შემდეგაც ის ნაჯახსა და დანას აჩვენებს. ვიდეოში ისმის, როგორ ემუქრება გოგო კაცს დაჭრით და როგორ სთხოვს ერთ-ერთი სხვა მოზარდი კაცს, მათ თავი დაანებოს.
ქართულენოვანი პოსტების ავტორები, “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, შოთა აფხაიძე და დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელი ანგარიში “ფანტინა ფანტინა” ამტკიცებენ, რომ დაკავებულ გოგოს 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება.


მტკიცება, თითქოს დაკავებულ 12 წლის გოგოს 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება. მას ცივი იარაღის ტარებას ედავებიან და საქმეს “შოტლანდიის ბავშვთა სასამართლო მოსმენები” განიხილავს, რომელიც სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არაა. პოლიციის განცხადებით, დაპირისპირება ბულგარელ წყვილსა და შოტლანდიელ ახალგაზრდებს შორის მოხდა. პოლიცია არ ადასტურებს, რომ ახალგაზრდები სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
რა ვიცით ვიდეოს შესახებ?
აღნიშნული ვიდეო X-ზეც ვირუსულად გავრცელდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას X-ის მფლობელი ილონ მასკი და ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტონი რობინსონი გამოეხმაურნენ. მასკმა გამოაქვეყნა შეკითხვა: “როგორი მთავრობა იჭერს პატარა გოგონებს, რომლებიც თავის დაცვას ცდილობენ?”, ხოლო რობინსონის აღწერით, მიგრანტი აღელვებულ გოგონებს უღებს და ისმის ერთ-ერთი მათგანის ხმა, რომ ისინი მხოლოდ 12 წლისები არიან.

ვიდეო, სადაც კაცისა და გოგონების დაპირისპირებაა ასახული, 23 აგვისტოს შოტლანდიაში, ქალაქ დანდიშია გადაღებული. შოტლანდიის პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბულგარელ წყვილსა და შოტლანდიელ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, 12 წლის გოგო დააკავეს. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და პოლიცია მოუწოდებდა საზოგადოებას, ინციდენტზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების შესახებ სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ.
“ჩვენთვის ცნობილია სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ, რომელიც უკავშირდება შაბათს, 2025 წლის 23 აგვისტოს სენტ-ენ-ლეინში, დანდიში მომხდარ ინციდენტს, როცა ახალგაზრდები ბულგარელ წყვილს მიუახლოვდნენ.
12 წლის გოგოს ბრალი წარუდგინეს იარაღის ფლობის გამო. ის შესაბამის ორგანოებს გადაეცემა, გამოძიება გრძელდება.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივ საზოგადოებას გამოძიებაში დახმარების გამო და მოვუწოდებთ ხალხს, არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია ან სპეკულაციები ინციდენტის შესახებ”. – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა, ნიკოლა რასელმა.
ამავდროულად, BBC 27 აგვისტოს წერდა, რომ სამართალდამცავებმა ვერ იპოვეს სამხილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალგაზრდები სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მედიის ინფორმაციით, 4 სექტემბერს ინციდენტთან დაკავშირებული ქალი და კაციც დააკავეს. შოტლანდიის პოლიციამ დაკავებულების ასაკი ან სხვა დეტალები არ დააზუსტა.
რა სასჯელი ემუქრება 12 წლის გოგოს?
შოტლანდიაში კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკი 12 წელია. დაკავებული 12 წლის გოგონას საქმეს შოტლანდიის ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სისტემა (Scotland’s children’s hearing system) განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებები სასამართლოსთან შედარებით, ნაკლებად ფორმალური და მკაცრია. ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყონ ბავშვებზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პატივს სცემს, იცავს ბავშვთა უფლებებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას. გადაწყვეტილება მიიღება ბავშვთა მოსმენებზე (ზოგჯერ უბრალოდ მოსმენასაც უწოდებენ). ეს არის იურიდიული შეხვედრა, რომელზეც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ზოგჯერ სთხოვენ დასწრებას ოჯახებთან ან მზრუნველებთან ერთად, რათა დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში. მოსმენა დახურულ სივრცეში ტარდება. თითოეულ მოსმენაზე ორგანიზაციის სამი წევრი მონაწილეობს და ყველა მათგანი ადგილობრივი საზოგადოების მოხალისეა.
ორგანიზაცია მოსმენების შემდეგ ოთხი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს:
- მოსმენას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ფორმალური, სავალდებულო ზედამხედველობა არა არის საჭირო და საქმე დახუროს;
- პანელის წევრებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ მათ სჭირდებათ მეტი ინფორმაცია საუკეთესო ვარიანტის მისაღებად და მოგვიანებით განაგრძონ მოსმენა;
- მოსმენას შეუძლია გამოსცეს დროებითი სავალდებულო ზედამხედველობის ბრძანება, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შემდეგ მოსმენამდე გრძელდება;
- მოსმენას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ბავშვის ან ახალგაზრდას დასახმარებლად საჭიროა სავალდებულო ზედამხედველობის ზომები და შესაბამისი ბრძანება გამოსცეს.
“მითების დეტექტორი” 12 წლის მოზარდის საქმეზე დამატებითი კითხვებით Children’s Hearing Scotland-ს დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე კითხვებს არ პასუხობენ, განგვიმარტეს, რომ ისინი შოტლანდიის სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არ არიან.
ქართულენოვანი მომხმარებლები ავრცელებენ მტკიცებას, რომ გოგონას 24 წლით პატიმრობა ემუქრება, თუმცა, რეალურად, მსგავსი ცნობა ღია წყაროებით არ იძებნება. აღნიშნულ დეტალზე მედიასაშუალებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და ის არც პოლიციის განცხადებებსა თუ მედიასთან კომენტარებში ყოფილა აღნიშნული.
მტკიცება იმ შემთხვევაშიც მცდარი იქნებოდა, ამ მუხლით სრულწლოვანს რომ ასამართლებდნენ. პოლიციის განცხადებით, გოგო ცივი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. შოტლანდიური კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის 1995 წლის აქტის 47-ე მუხლის მიხედვით, შედარებით მსუბუქი დანაშაული 6 თვემდე პატიმრობას, ჯარიმას ან ორივეს ერთად ითვალიწინებს, ხოლო ამ მუხლით შედარებით მძიმე დანაშაული – არა უმეტეს 5 წლიან სასჯელს, ჯარიმას ან ორივეს ერთად.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















